ექვსი რუმინული ხომალდი უკრაინის პორტ რენისში იყო ორშაბათს ღამით რუსული დარტყმების დროს.
უკრაინული მედია სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს რუმინელმა მეზღვაურებმა გაიგეს აფეთქებების ხმა პორტში, რომელიც მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან და არც მათი გემები დაზარალებულან. დარტყმების შემდეგ მათ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც რუმინეთის ტერიტორია იწყება.
ცნობისთვის, დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა დაგმო რუმინეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუმინელ კოლეგასთანაც განიხილა.
24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე დუნაიზე მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა იყო.
დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ტანკები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუსეთის ფედერაციის ბოლო დაბომბვას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ ასევე დაგმო მომხდარი.