„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია.
კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა. მისი თქმით, „ევროკავშირს არ უთქვამს, რა იგულისხმა „ფართო სასამართლო რეფორმაში“: „სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - ამბობს კობახიძე.
„ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად.“
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტიკა აქაც საჭიროა.
„მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს, ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა (ევროპარლამენტარი იუკნევიჩიებნე. რედ.) არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი.
ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის (ევროპის საბჭოს სტრუქტურა Moneyval, რედ.) რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.