Forbes: რუსეთის ბლოკადა შავ ზღვაში სამმა გემმა გაარღვია, მათ შორის არის თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე გემი

Bloomberg-ის თანახმად, სამი სატვირთო გემი - ბერძნული, ისრაელის და თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე, კვირას, უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ ტერმინალში, დაუნაის ნაწილში შევიდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური გემები უკრაინის პორტებში შედიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა  მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა.

„ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა დაუბრკოლებლად მიაღწია უკრაინას, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთს არ სურს ან არ შეუძლია გემების შეჩერება,“- ციტირებს Forbes-ი ომის შესწავლის ინსტიტუტის კომენტარს.


ღია წყაროების ინფორმაციით, სატვირთო გემი Yilmaz Kaptan (Kudret Gezer), რომელიც თურქულ-ქართულ სარეგისტრაციო სიაშია შეტანილი, ვანუატუს დროშის ქვეშ მიცურავს.

ის 21 ივლისს ფოთის პორტში იყო, რის შემდეგაც უკრაინისკენ გაემართა. გემი ამჟამად დუნაის დელტასთან ახლოს მდებარეობს.

Forbes-ის ცნობით, გემების გადაადგილებას NATO-ს ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი აკონტროლებდა. ამ თვითმფრინავებიდან არცერთი არ არის შეიარაღებული, მაგრამ NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები რუმინეთში მზადყოფნაშია.


მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: