France Press-ის (AFP) ინფორმაციით, ლიეტუვამ მოუწოდა ევროკავშირს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ევროკომისიაში გაგზავნილ წერილში, რომელიც AFP-მა მოიპოვა, სამმა ლიეტუველმა მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის პორტები შეიძლება იყოს „საიმედო ალტერნატივა უკრაინული პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულის ტრანზიტისთვის.“
ლიეტუვის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ყოველწლიურად 25 მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებას.
19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა.
მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.