7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოიცა შესაბამისი განკარგულება.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამასთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე,“ ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.


ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.