საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 3 აგვისტოს 112-ში ზარი 15:10 საათზე დაფიქსირდა. იტყობინებოდნენ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. თემურ მღებრიშვილის თქმით, გამოცხადდა მობილიზაცია, მათ შორის ვერტმფრენების როგორც თბილისში, ისე კოპიტნარის აეროპორტში.
მისივე თქმით, ვერტმფრენი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაერთო ევაკუაციაში, თუმცა მღებრიშვილის განმარტებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოპიტნარიდან ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო.
რაც შეეხება თბილისიდან ჩასულ ვერტმფრენს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ვარტმფრენმა სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში იფრინა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.“
ის აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ ეტაპზე დაკარგულად 175 ადამიანი ითვლებოდა და ციფრები სისტემატურად იცვლებოდა. დაკარგულთა შორის იყვნენ უკრაინის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე.
მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით,
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ დაკარგულთა რაოდენობა თუნდაც ტურისტების, უფრო მეტი იყოს, საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადაჭრით ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაამტკიცებს, თუმცა აღნიშნა: „გონივრული ვადაა ერთი კვირა, რომ ადამიანმა თავისი ოჯახის წევრი მოიკითხოს.“
რატომ არ მოითხოვეს დახმარება უცხო ქვეყნებისგან
„პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება, იყოს,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენებს და არა მათ, რომლებიც ღამით ვერ დაფრინავენ
„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. მაგრამ, რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვყავდა სითბური დრონები, რომლებიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს.
ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი შანსი, თუნდაც მცირედიც, რომელიც არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები. იმის შემდეგ რაც დაფიქსირდა, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არ დაგვმატებია დაღუპული და დაშავებულიც არ გვყოლია არავინ,“ - უპასუხა მრებრიშვილმა ჟურნალისტებს 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს დაკარგულთა ძებნა
„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომლებიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაო გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ.“
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.