კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების შესაძლებლობაზე მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კერძოდ, ჟურნალიტის შეკითხვა ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებას, რომ „ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით”.

„ჩვენთვის ინვესტიცები არის მხოლოდ მისასალმებელი. იცით, რომ წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამუკა ხაზარაძე, ვერ მაოხერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა - ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის და ვერც სამხრეთულის და ვერანაირის. ეს არის მათი არაეფექტიანი საქმიანობის შედეგი.


ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის ბუნებრივია, ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს ბუნებრივი სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

ამისთვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით, ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დაიწყება ანაკლიის პორტის წარმატებით მშენებლობით,“ - განაცხადა კობახიძემ 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და პიქირით, „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს პროექტის ჩაგდებაში.


„ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო. დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით და შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.

ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“- წერდა ხაზარაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ.


ცნობისთვის, ბოლო განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში გააკეთა.

„საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია.


Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე.


ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.


გარკვეული კონტექსტი

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.


უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას.


ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან.


ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.


ამავე თემაზე გაეცანით: