ევროკომისია: რუსეთისა და ბელორუსის პროგრამებისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული €135 მილიონი, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებას მოხმარდება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწერილ პროგრამებს მოხმარდეს.

ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარმა, ელისა ფერეირამ განმარტა, რომ რუსეთთან და ბელორუსთან თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის შედეგია.

„მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან,“ - განაცხადა ფერეირამ.

კონკრეტულად, დაფინანსება მხარს დაუჭერს შემდეგ აქტოვობებს: სოლიდარობის ხაზებისა და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ჯანდაცვის სერვისების, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, სოციალური ინკლუზიის სქემების, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.


ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელორუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა. 2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული ამავე გადაწყვეტილებით, 2021-2027 წლებისათვის დარჩენილი დაფინანსებაც იმავე წესით გადანაწილდება.


ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.