უკრაინის მთავრობამ რუმინეთთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის დასავლეთ ზაკარპატიის ოლქში ახალი სასაზღვრო პუნქტის შექმნას ეხება.
გადასასვლელი პუნქტი იმოქმედებს დასავლეთ უკრაინის სოფელ ბილა ცერკვასა და ჩრდილოეთ რუმინეთში სიგეტუ მარმაციეის შორის. ორ დასახლებას ჰყოფს მდინარე ტიზა, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვარს აყალიბებს.
6 ივნისს უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ევროკავშირს მიმართოს დაფინანსებისთვის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული სერვისებისთვის, რაც აუმჯობესებს კავშირს მის დასავლელ მეზობლებთან. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის ადინა ვალეანის თქმით, უკრაინის შესვლა CEF-ში, პირდაპირ გააუმჯობესებს მის კავშირს ევროკავშირთან და მთავრობას საშუალებას მისცემს, მოითხოვოს დაფინანსება ისე ინფრასტრუქტურისთვის, როგორიცაა სასაზღვრო გადაკვეთის პუნქტები.
„ეს არის კონკრეტული ნაბიჯი სოლიდარობის გზების შემდგომში გასაძლიერებლად და უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ვალეანმა.
ევროკომისიამ სოლიდარობის გზების სამოქმედო გეგმა 2022 წლის მაისში წამოიწყო იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მისი პორტების ბლოკადის შემდეგ, სარკინიგზო, საავტომობილო და შიდა წყლის გზებით, უკრაინის ექსპორტისთვის ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტები შეიქმნა. მარშრუტები გაივლის უკრაინის დასავლელ მეზობლებს - რუმინეთს, პოლონეთსა და მოლდოვას.
მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: