ბუქარესტი იმედოვნებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 60%-ის რუმინეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი შეუძლია. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ 18 აგვისტოს გააკეთა.
ჩიოლაკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი მუშაობს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ასევე საზღვრის გადაკვეთის პუნქტების გაუმჯობესებაზე.
ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუმინეთი გეგმავს უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად 2 მილიონი მეტრული ტონიდან 4 მილიონამდე.
Reuters-ი წერს, რომ რუმინეთის პორტი კონსტანცა უკრაინის ყველაზე დიდი ალტერნატიული გადაზიდვის გზად იქცა მარცვლეულის შეთანხმების დაშლამდეც კი. 2023 წლის პირველ შვიდ თვეში პორტმა 8.1 მილიონ, ხოლო 2022 წელს 8.6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს შეუწყო ხელი.
16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუმინეთი ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნაზე შეთანხმდნენ.
მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი Europetime-თან აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: