ბომბი თუ რაკეტა? კრემლის გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება Meduza აანალიზებს ადრეულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ „რამ ჩამოაგდო „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი.“
Meduza-ს თანახმად, ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „რაღაც აფეთქებამ ჩამოაგდო.“ თუმცა გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ეს ბომბი თვითმფრინავის შიგნით, თუ სარაკეტო თავდასხმა გარედან.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წყარომ სატელევიზიო ქსელ Tsargra-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი "ააფეთქეს", რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ჩამოაგდეს (თუმცა რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი კვლავ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას). ავარიის ერთ-ერთ ვიდეოში აღბეჭდილია ღრუბელი, რომელიც მიწა-ჰაერის რაკეტის „ნაკვალევს“ წააგავს.
ამასთან, ავარიის ადგილიდან დაბალი ხარისხის სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ნამსხვრევი შეიცავს ხვრელებს, რომლებიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწა-ჰაერის კლასის რაკეტის ქობინის წინასწარ ჩამოყალიბებული ფრაგმენტებით. ეს ხვრელები არ ჩანს ნამსხვრევებზე, რომლებიც თვითმფრინავის მთავარი ფიუზელაჟიდან (თვითმფრინავის კორპუსი) უფრო მოშორებით დაეცა.
- ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქება თვითმფრინავის შიგნით მოხდა:
Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა დაცემამდე 28000 ფუტის სიმაღლეს მიაღწია. ბევრ საჰაერო თავდაცვის სისტემას კი, ამ სიმაღლეზე თვითმფრინავებზე დარტყმის მიტანა არ შეუძლია. მაგალითად, გასროლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ვინმესთვის, ადგილზე (როგორიცაა უკრაინის სპეცრაზმი) გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით.
სინამდვილეში, ნებისმიერი სახის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევდა მიზანს ასე მაღლა. სულ მცირე, ამას საშუალო მანძილის სისტემა (როგორიცაა ბუკი) დასჭირდებოდა, რომელიც ასევე განლაგებული იყო სამიზნე თვითმფრინავის საჰაერო ბილიკის სიახლოვეს.
ამ სისტემების უფრო დიდი დიაპაზონის მქონე მძლავრი რაკეტები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა თვითმფრინავს, ვიდრე ეს თვითმხილველების კადრებიდან ჩანს. მაგალითად, თუ 70 კილოგრამიანი ქობინი და მისი 7000 ქვეტყვია Embraer ERJ-135-ის ზომის თვითმფრინავს დაეჯახებოდა, ფიუზელაჟი სავარაუდოდ, მიწაზე „ერთ ადგილას“ არ დაეცემოდა,“ - წერს Meduza.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“
ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“ „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.