ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის. „ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ამჟამად უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო დიდი სამხედრო და მატერიალური მხარდაჭერა. მათ აქვთ რაკეტები და საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.
ნორვეგიის მთავრობა იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის უნარში, დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ფრონტის ხაზის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც სამხედრო ნაწილები რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებისგან.
მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.