მედია: ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის

ნორვეგია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

ნორვეგიული მედიის ცნობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ქვეყანამ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.

დღეს კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ შტორე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის საზენიტო რაკეტებისა და სხვა მოწყობილობის გადაცემა დააანონსა, მაგრამ F-16-თან დაკავშირებით არ უსაუბრია.


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.