დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს

დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დანიაში, საჰაერო ბაზაზე განაცხადა.

„ომის დაწყებიდან დანია უკრაინის მხარდამჭერია, რადგან თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა,“ - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.


მანამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე განთავსდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინის ქალაქებისა და დაბების დასაცავად.

მარკ რუტემ და მე მივაღწიეთ შეთანხმებას F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც გადაეცემა უკრაინას, როგორც კი ჩვენი მფრინავები და ინჟინრები სწავლებას დაასრულებენ. 42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - წერდა ზელენსკი.


შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.

თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაში იყო მითითებული. 


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა.