რუსეთმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გამოძიებაში ბრაზილია არ დაუშვა

რუსეთმა ბრაზილიას შეატყობინა, რომ „მოცემულ მომენტში“ არ აპირებს, რომ საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს ბრაზილიური წარმოების Embraer-ის ჩამოვარდნის საქმე, რომლის დროსაც, „ვაგნერის„ დამფუძნებელი, ევგეი პრიგოჟინი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.


მანამდე საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა (CENIPA) სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს, ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა, რათა მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ინციდენტები.

სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა მიუთითა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებზე, რომელთა თანახმად, თუკი საგანგებო შემთხვევა მოხდა შიდა რეისზე, ასეთ დროს მასზე საერთაშორისო ნორმა არ ვრცელდება.


Reuters წერს, რომ რუსეთი არ არის ვალდებული, დათანხმდეს გამოძიებაში ბრაზილიის მონაწილეობას, მაგრამ როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, მან ეს უნდა გააკეთოს, რათა გაფანტოს აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ეჭვები იმის შესახებ, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავის“, Embraer Legacy 600-ის ჩამოვარდნის უკან კრემლი დგას. ცნობილია, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს უსაფრთხოების კარგი მაჩვენებლები აქვს.


რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა.

შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.