ევროპარლამენტარების ნაწილი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებას ეხმაურება.
„შოკირებული ვარ, რომ მესმის პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების,“ - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა.
„სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს თავის მხრივ, მირიამ ლექსმანი.
შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება.