გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ.
ვარჰეის თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს.
„ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში.
მას ჰკითხეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.
კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია ეს? - ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.
„არ მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან.
2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან," - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მან ამ თემაზე კომენტარი გუშინაც გააკეთა.
„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში.
ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.
„რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით.
შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.