მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას.“


„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო.

პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია.


რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას,“ - განაცხადა მდინარაძემ.


გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა დაიწყოს, მდინარაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობს, რომ არ ჰგონია, რეპუტაციულად ისედაც ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ „საკუთარი პერსონის აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს“.

„ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა. არ მგონია, ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს პრეზიდენტი წამსვლელი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თუ არ ვცდები, დღეს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს. თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ე.ი. რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობს.


„ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება არ აწყობს, რომ ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ შეიძლება იმპიჩმენტს მხარს დავუჭიროთო, ამიტომ როგორც ჩანს, (თუ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა), ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. თუმცა არ მგონია, რომელიმე ადამიანი ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს, რადგან არ მგონია, რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს საკუთარი პერსონის. თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“. საერთო დავალების მიმცემები ჰყავთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.