პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.
„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციისთვის.
ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ,“ - განაცხადა მსხილაძემ.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.