საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.