საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის და ისე დამაზიანებლად იქცევა, რომ “შეფუთვაც აღარ შველის და მარტივად იშიფრება.“ მან ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მდინარაძის თქმით, უდავო ფაქტია, რომ პრეზიდენტს საგარეო უფლებამოსილების განხორციელებაში მთავრობის მხრიდან დელეგირება არ ჰქონდა და მან კონსტიტუცია დაარღვია.
„არსებობენ ქვეყნები, თუ სწორად მახსოვს, ისრაელში, კომპეტენციის მკაფიო გამიჯვნისა და გარკვეული გამოწვევების გამო, პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლაც კი ეკრძალება, არათუ უცხოეთის ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად, არამედ პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო.
ეს ხომ უკვე უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. შესაბამისად, ისრაელის მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის გასვლაც კი საჭიროებს მთავრობის თანხმობას, რადგან შეიძლება, ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს, ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს. ან დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც უკვე განაცხადია სახელმწიფოს მხრიდან, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს. ამასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ გვიფიქრია თავის დროზე, როდესაც ახალი კონსტიტუცია იწერებოდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, მკაფიოდ არის გამიჯნული სამართლებრივად, რომ არის ეს მთავრობის კომპეტენცია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს პრეზიდენტი, როდესაც მთავრობა მისცემს თანხმობას.
ეს ადამიანი მთავრობას აკრიტიკებს, სად ხართ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ორიენტაციაშიც კი ეჭვი შეაქვს, სპეკულაციურად, სპეციალურად, ნაცნარატივის შესაბამისად. ამ დროს, თან ითხოვს, თქვენ მაგივრად ჩვენს ქვეყანას მე წარვადგენ უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაშიო. ასევე, მათ შორის, ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი. ანუ დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს. ამ შეფუთვის იმედად, რომ მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს, სადაც მინდა, იქ ჩავალ და როგორც მინდა, ისე დავარღვევ კონსტიტუციას, „ნაცების“ და მთელი მათი კლასტერი მხარს უჭერს მას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც. იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.