დარჩიაშვილი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება, სწორი არ არის.

„იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით თქვენი ფორმულირება არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია.


ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა და მოგიწოდებთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც საპარლამენტო მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში.

რაც შეეხება იმას, მოდის თუ არა პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იყო განმარტებული. შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში - ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.