საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ადმინისტრაციამ მხოლოდ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
მეორე დღეა, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ასევე ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი თავის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს, რომ ეს მოხდეს. შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც ნაფიქრი აქვს აშკარად და სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში," - განაცხადა ელისაშვილმა.
რადიო თავისუფლების ცნობით, მან არ დააზუსტა, რა იგულისხმება ზურაბიშვილის ხედვაში და აღნიშნა: „სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს და თუ ვინმე დაუჭერს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.
ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, ანა წითლიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის საკითხზე ნაკლებად ღელავს. წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.