საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 სექტემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. ანა ბუჩუკურის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
„ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას, ევროინტეგრაციას, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი არ დაიხურება. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო.
„მსჯელობის თემა არის ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტი ასევე შეხვდა„ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს. საუბრის თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტატუსის მიღება იყო. როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
„საუბარი შეეხებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, რაზეც დღეს ვართ. მათ შორის, ხშირად ვუზიარებთ და გვიზიარებს ხოლმე ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტი და ნამდვილად მისი მთავარი ძალისხმევა, როგორც თქვა, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
მე ვუთხარი პირადად, ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომ მე არ დავუჭერ იმპიჩმენტს მხარს,“ - განუცხადა მედიას ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.