„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისინიც არ შევიდნენ.

„რაც შეეხება ფრაქციიდან გასულ პარლამენტის დეპუტატებს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასა და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.