ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს.

იოსელიანის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


გარდა ამისა, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის.

„ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ.

ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“


საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.