ლევან იოსელიანი: იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა.“

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა.


იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს.

„იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის.

თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.