ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს მმართველი გუნდიდან 5 დეპუტატი დაესწრება.

კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი მოლოდინი არის ოპტიმისტური.

„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. 80 - კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.