ბულგარეთი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

ბულგარეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დონეზე. შესაბამისი განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა დღეს კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა.

გაბრიელმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობის მიზნით, ბულგარეთმა ცოტა ხნის წინ გააუქმა აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე.


მინისტრის თქმით, ბულგარული მხარე ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მიაჩნიათ, რომ უკრაინამ უნდა წარმართოს ეს პროცესი. „კიევში ევროკავშირისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიზნად ისახავს, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ აღნიშნა გაბრიელმა.


ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ნავთობზე ემბარგო დააწესა.


ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა.


პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.


„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.

ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა.