ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გამოწვევით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე, დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით.

„ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას - არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. არსებული ინფორმაციით - ძალიან მკაფიოა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გამოწვევით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ მსოფლიო ერთიანობა  შეარყიოს, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ეს დაეხმაროს მას ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც ხარობენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას.

„ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს,“ - დაამატა ზელენსკიმ და აღნიშნა:ვამზადებთ შესაბამის ნაბიჯებს. და რაც მთავარია, ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში მაქსიმალური ერთიანობის აუცილებლობას,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


მან ცივილიზებული სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე, პირველ რიგში, ერთიანობის საკითხზე. მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ ახლა უნდა აირჩიოს, როგორ დაიცავს საერთაშორისო სამართალს. დაიცავი! არ დადგეთ განზე, როდესაც ტერორი ცდილობს, დაიპყროს და როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონი შეიძლება, ჩვენ თვალწინ დაინგრეს. მადლობელი ვარ ყველა ლიდერისა და სახელმწიფოსი, რომლებიც ახლა სრულად აცნობიერებენ საშიშროებას და მზად არიან, ერთად იმუშაონ სიტუაციის კონტროლის მიზნით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს.