ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური, უპრეცედენტო პაკეტი „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე წარუდგინა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“.

ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს განუცხადა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან.


ამავე გამოსვლაში მან აშშ-სთან შეთანხმებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.

„ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ისრაელში.

„ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც შეცვლის ბალანსს ყველა ფრონტზე და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს.


WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის.