რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

დღეს, 28 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ.

კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ რეზოლუციით რუმინეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.


ამავე დროს, მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პარლამენტი საქართველოს ევროპული გზის წინსვლისადმი მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ამ სახელმწიფოს მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით.“ რუმინეთის პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ ძალისხმევის გაგრძელებას უსვამს ხაზს.


გარდა ამისა, რუმინეთის საკანონმდებლო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების გაძლიერებას მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან, გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის.


რეზოლუციის ტექსტში საუბარია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

ევროკავშირის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 14 ან 15 დეკემბერს მიიღებს.