ბაქოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გართულების ფონზე, 2 დეკემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დღის წესრიგის განხილვა.
სხვა დეტალები ინფორმაციაში არ არის მითითებული.
ცნობისათვის, ორი დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს.
ამ შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი.
სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ.
ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე."
„ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება.
ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს.
ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.
- „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“