სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს. აზერბაიჯანის შემდეგ, აშშ-ც აცხადებს, რომ ორმხრივი ვიზიტები კვლავ შედგება.
„მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს 6 დეკემბერს ბაქოში ვიზიტის დროს პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მხარეებმა განიხილეს ჩვენი ქვეყნების ღრმა ისტორიული კავშირები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა.
მდივნის თანაშემწემ ო'ბრაიენმა პრეზიდენტ ალიევს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორისა და ენერგეტიკის მინისტრის მომავალ ვიზიტებს ვაშინგტონში და რომ მდივანი ბლინკენი მოუთმენლად ელის ვაშინგტონში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯეიმს ო'ბრაიენის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას.
უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი.
სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გამოთქმული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ვაშინგტონის საპასუხოდ, თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე."
„ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება.
ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს.
ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.
- „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“