საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ვიზიტით ჩეხეთს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გასაშუქებლად აკრედიტაციის ვადა მედიისთვის დღეს, 8 დეკემბერს, ამოიწურა. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მედია ასევე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურები არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ხელახლა ხომ არ მიუმართავს სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები.
მიმდინარე წლის აგვისტოს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩავარდა.
10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.