ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე.
ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა.
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია.
ბორელის ვიზიტი ლიბანში
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტისას გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ლიბანი შეიძლება, რეგიონულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება. მან გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს.“
ლიბანში ბორელის ვიზიტის ოფიციალური და გაცხადებული მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა.
ბორელმა ლივანში ვიზიტისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობად უნდა იქცეს. მანვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“ და ის „მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.“ ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთში გაემგზავრა.
მანამდე Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს.
წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“
ენტონი ბლინკენის ტურნე
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას.
„მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“
მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა.
„ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა:
„დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და ასევე სურს, მეტი გაიგოს, მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში.
„ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
ენტონი ბლინკენი ახლა კატარში იმყოფება. ის უკვე ეწვია თურქეთს, საბერნეთსა და იორდანიას. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.
„იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა გახდნენ იძულებულნი, დატოვონ ღაზის სექტორი.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება,“ - განაცხადა ბლინკენმა 7 იანვარს იორდანიაში იყო. რეგიონში ეს მისი მეოთხე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელში კი, ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავა.