ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება.
„ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და გაგრძელდება,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
ბორელის თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს.
„მე არ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მაგრამ მსურს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პროცესი,” - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.