NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა

გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ.


ბრიუსელში,  ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე.

NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში.


რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.


მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.


რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.

„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.

„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.