უკრაინამ ესტონეთისგან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტყვიამფრქვევებს, მცირე იარაღის საბრძოლო მასალასა და სხვადასხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ შაბათს ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. იარაღის ზუსტი რაოდენობა, მისი გადაცემის დრო და მდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ სახელდება.
2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს. ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის 80 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება დეკემბერში დაამტკიცა.
უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.