როგორ გაანადგურა რუსეთმა მარიუპოლი: НRW-ის ახალი ანგარიში

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად.

  • რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია.
  • საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის.


ბრძოლების დროს, რომლებიც თვე-ნახევარს გრძელდებოდა, ადგილობრივი მოსახლეები ალყაშემორტყმულ ქალაქში საკვების, წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე აღმოჩნდნენ.

დაღუპულთა სრული რიცხვი, შესაძლოა, ვერასდროს გახდეს ცნობილი. Human Rights Watch-ი ახალ 224 გვერდიანი ანგარიშში ომის დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს.


კვლევის ავტორებმა სასაფლაოების სატელიტური ფოტოების შესწავლისა და ქალაქში წლიური სიკვდილიანობის მონაცემებთან შედარებით დაასკვნეს, მარიუპოლში 10000-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე. სულ მცირე 8000 ადამიანი დაიღუპა ბრძოლების გამო ან ომთან დაკავშირებული მიზეზებით, თუმცა მათგან რამდენი იყო მშვიდობიანი მოქალაქე, უცნობია.

ამასთან, როგორც HRW აღნიშნავს, ეს მონაცემები, როგორც ჩანს, არ ასახავს დაღუპულთა რეალურ რიცხვს, რაც უფრო მაღალია, ვინაიდან ხშირად ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანს მარხავდნენ.


რუსეთის ჯარების მიერ მარიუპოლის შტურმის შედეგად, ქალაქის ათასობით მოსახლე დაიჭრა. კიდევ ასიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირა აღმოჩნდა ქალაქში ალყაში მოქცეული. მათ არ ჰქონდათ ქალაქის დატოვების და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.


მოხსენებაში მთლიანობაში აღწერილია 14 თავდასხმა, რომელთა შედეგად დაზიანდა ან დაინგრა 18 შენობა, დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სამოქალაქო პირები. მათ შორისაა ორი საავადმყოფოს, საცხოვრებელი სახლების, სუპერმარკეტისა და დრამატული თეატრის დაბომბვა. ამ უკანასკნელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 16 მარტს რუსეთის ჯარებმა, თეატრზე ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს.


  • უფლებადამცველების შეფასებით, აღწერილ არცერთ შემთხვევაში შენობაში ან მის მახლობლად არ ყოფილან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ან მათი ყოფნა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ომის კანონების თვალსაზრისით არ ამართლებდა დარტყმების განხორციელებას.

ანგარიშის მომზადებისას ადამიანის უფლებების დამცველები Human Rights Watch-იდან ესაუბრნენ მარიუპოლის ასობით მოსახლეს, რომელთაც ქალაქის დატოვება ალყის შემდეგ შეძლეს. უფლებადამცველებმა 850 ფოტო და ვიდეო შეისწავლეს, რათა შეეფასებინათ ქალაქის ნგრევის მასშტაბი. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეულია საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი.

HRW-მა დაადგინა რუსეთის არმიის 17 ქვედანაყოფი, რომლებიც მარიუპოლის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ქალაქის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის ჯარების მოქმედებების შესახებ იცოდნენ. „ახლა რუსეთი თავიდან აშენებს მარიუპოლს და თან სპობს სამხედრო დანაშაულის კვალს,“ აღნიშნავენ უფლებადამცველები.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.