ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის შეფასებით, თუ შეერთებული შტატები ვერ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის დასახმარებლად მომდევნო რამდენიმე თვეში, კატასტროფა მოხდება.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, NATO-სა და ევროკავშირის დასუსტებით აშშ-ის უსაფრთხოება და კეთილდღეობას შელახოს, რაც ძირს უთხრის აშშ-ის მოკავშირეებს ევროპაში და სხვაგან.
„ეს პირდაპირ თესავს დაბნეულობას შეერთებულ შტატებში, არჩევნებში ჩარევისა და კიბერ ოპერაციების გზით,“ მიიჩნევს ანალიტიკოსი.
„ისინი, ვინც ჩინეთს შეერთებული შტატების ყველაზე საშიშ გრძელვადიან მოწინააღმდეგედ ხედავენ, ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის აშკარა აგრესიის შეჩერება საუკეთესო გზაა მომავალში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად,“ ხაზს უსვამს ჰერბსტი.
მას მიაჩნია, რომ თუ მოსკოვი დაიპყრობს უკრაინას, შეერთებული შტატები იძულებული იქნება, პირდაპირ დაიცვას NATO-ს მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთი. ექსპერტის აზრით, ეს ბევრად დიდი ფასი დაჯდება, ვიდრე წელიწადში 38 მილიარდი დოლარი, რომელსაც აშშ იღებდა უკრაინისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებია.
„უკრაინისთვის დახმარების გაუქმება იქნება დიდი დარტყმა აშშ-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, გააძლიერებს აშშ-ის მტრებს მოსკოვში, პეკინსა და თეირანში; და საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება, შეერთებულ შტატებს სისხლადაც დაუჯდე,“ - მიიჩნევს ექსპერტი.
აშშ-ის სენატმა "პროცედურული მხარდაჭერა" გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ.
სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.