დანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სფეროში ინვესტიციები უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც ახალი სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო სწრაფად იარაღდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რომ მას NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა 3-5 წელიწადში შეუძლია. „რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის საოცრად გაიზარდა,“ - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა გაზეთ Jyllands-Posten-ს.
მისი თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ სამ-ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და NATO-ს სოლიდარობა.
რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. პოლსენმა განმარტა, რომ დანიის წინააღმდეგ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, წევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მცდელობების დროს.
„ეს არ იყო NATO შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი,“ – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.