გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.“
„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება, ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს," - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
"ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა.
რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.