ირანი ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას აანონსებს და „საქართველოს მონაწილეობის იმედს“ კვლავ ინარჩუნებს

ირანის ელჩმა რუსეთში კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ "3+3"-ის საკონსულტაციო პლატფორმის ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ, წელს გაიმართება. 

მან ამ შეხვედრაზე საქართველოს დასწრების იმედი გამოთქვა. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ფორმატი ყველაზე ეფექტიანია სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

მან ასევე „გამოხატა შიში“ სხვა სახელმწიფოების ჩარევის შესახებ, რაც, მისი აზრით, „მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში.“


2023 წლის 23 ოქტომბერს, თეირანში, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „3+3“ ფორმატში.


საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის (პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, ტრანზიტის, ენერგეტიკის და ა.შ.) განვითარება.

„3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რეგიონული პრობლემების მოგვარება რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი. აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრა „3+3“ ფორმატში 2022 წელს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე, საქართველოს მონაწილეობის გარეშე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უარს ამბობს ამ ფორმატში მონაწილეობაზე, მისი მონაწილეები პლატფორმას მაინც „3+3“-ს უწოდებენ.


აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 23 ოქტომბერს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა.