აშშ და ფინეთი დეზინფორმაციასთან ერთობლივად იბრძოლებენ

აშშ და ფინეთი უცხო სახელმწიფოების ინფორმაციით მანიპულირებასთან დაპირისპირების საკითხში ითანაშრომლებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა შესაბამისი მემორანდუმი ბრიუსელში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გააფორმეს.

გაფართოვდება "ინფორმაციის გაზიარება უცხოეთის დეზინფორმაციის შესახებ, გაზიარებული იქნება საუკეთესო პრაქტიკები ამასთან დასაპირისპირებლად" და გატარებული პოლიტიკა შესაბამისობაში მოვა აშშ-ის ჩარჩოსთან, რომელიც ემსახურება უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლას.

„ინფორმაციით მანიპულაცია წარმოადგენს მზარდ გამოწვევას დემოკრატიული ქვეყნებისთვის და ღია საზოგადოებებისთვის," - აღნიშნა ვალტონენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.