უკრაინამ და აშშ-ის შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი უსაფრთხოების ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, შეთანხმებას პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ჯო ბაიდენის განცხადებით, ხსენებული შეთანხმება უკრაინას უფრო გააძლიერებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით, 300 ახალ სანქციას აწესებს. ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები ამას აღკვეთს.
„პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში,“ – განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.
„ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და სხვა იარაღს, რომელსაც უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა," ნათქვამია დოკუმენტში. ის ასევე აფიქსირებს აშშ-ის განზრახვას, მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციონალური და სხვა დახმარება „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასავითარებლად, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესია შეაკავონ.”
უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში კონსულტაციებისთვის შეხვდებიან იმის გასარკვევად, თუ რა დამატებითი თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას. ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციურად, ნებისმიერ შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია, ვინაიდან დოკუმენტი კონგრესის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებს.
ერთი წლის წინ, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, G7-მა მიიღო დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად. კერძოდ, ეს მოიცავს: დახმარებას უსაფრთხოების სექტორში და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას კიევისთვის; თავდაცვითი-სამრეწველო ბაზის მხარდაჭერას; უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებასა და დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, დიდი შვიდესულის ჯგუფთან. მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, იყო გაერთიანებული სამეფო. უკრაინას ასევე აქვს უსაფრთხოების შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, დანია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ფინეთი, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია. გარდა ამისა, The Washington Post-ის თანახმად, სულ კიდევ 16 ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ კიევთან მსგავსი შეთანხმებები გააფორმოს.
-
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
-
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან