რუსეთი იძულებული იქნება, დანებდეს, თუ კრემლი არ დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო სამიტის მეორე პლენარული სესიისას. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევის გაერთიანებას უკრაინის დასაცავად.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის იმედი იქამდე ჰქონდეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„ძვირფასო ვოლოდიმირ, დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მელონიმ აღნიშნა, რომ მშვიდობა კაპიტულაციას არ ნიშნავს.
„ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
„თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს. ჩვენ უნდა დავადგინოთ მინიმალური პირობები ამ დისკუსიისთვის," - აღნიშნა მელონიმ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი წარმოადგენს აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
არავის შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს გლობალური ინტერესის სამი გადამწყვეტი თემის აბსოლუტური მნიშვნელობა, რომლებიც დღეს განიხილება: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება და ადამიანური განზომილება, კერძოდ, დევნილი ბავშვების დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იტალია ყოველთვის აკეთებს თავის გასაკეთებელს და ის არ აპირებს არსად წასვლას. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლისკენ,“ განაცხადა იტალიის პრემიერმა.
კვირას, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. ეს ღონისძიების მეორე დღე იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება, პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე.
მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საჭიროების სრული გაგებისა და აღიარებისათვის."
სამიტში 100-მდე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეხვედრის მუშაობის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები. რუსეთი სამიტზე არ მიუწვევიათ. მასში არ მონაწილეობდა ჩინეთი.