შვეიცარია მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას რუსეთთან და ჩინეთთან აპირებს

შვეიცარიას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობის საკითხზე 15-16 ივნისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგები განიხილოს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შედეგებს მიეძღვნა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონფერენციის შედეგების "დეტალური განხილვა" იგეგმება იმ ქვეყნებთანაც, რომლებმაც უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, პირველ რიგში, ჩინეთთან.


„ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს. ასე რომ, ვაპირებთ, რუსეთთან განვიხილოთ კონფერენციის შედეგები," - განაცხადა კასისმა. მშვიდობის სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ნიშნავს რუსეთის მონაწილეობასაც. თუმცა სამიტში მონაწილეობის მიწვევა მოსკოვისთვის არ გაუგზავნიათ. ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგი იყო უკრაინა. კასისის თქმით, მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს და წინსვლის საერთო გზის ძიებისთვის აუცილებელია მათი გაერთიანება.


მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს. ამის მიზეზად, პირველ რიგში, მათ მოიყვანეს სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა.