პენტაგონმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების არეალი გაუფართოვა

პენტაგონის განმარტებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება, მხოლოდ ხარკოვის მახლობლად მდებარე ტერიტორიით არ შემოიფარგლება.


უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არამხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.


„საპასუხო სროლის უნარი არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული. როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია, უპასუხოს ამ სახმელეთო ძალებს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით,” - აღნიშნა რაიდერმა და დაამატა, რომ ეს არის თავდაცვა და ამიტომ, აზრი აქვს იმას, რომ უკრაინას ასეთი შესაძლებლობა ჰქონდეს.


რაიდერის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი საზღვრები, როგორც უსაფრთხო ზონა ცეცხლის გასახსნელად და უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად, ასევე შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად.


„ასე რომ, კიდევ ერთხელ, ვხედავთ რა იმ ძალებს, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის ოპერაციებს საზღვრის მიღმა, ჩვენ განვმარტეთ, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება, გახსნას საპასუხო ცეცხლი თავის დასაცავად,“ - განაცხადა რაიდერმა. კითხვას, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა: „სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან.“


გარდა ამისა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Politico-ს 20 ივნისს დაუდასტურეს, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეიძლება, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად, სადაც რუსული ძალები განახორციელებენ ტრანსსასაზღვრო თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე და არამხოლოდ ხარკოვის ოლქის საზღვართან. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ ეს იყო პოლიტიკის არსებითი ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომელიც უკრაინას აძლევდა ნებართვას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთში "მხოლოდ ხარკოვის ტერიტორიის მახლობლად."


ოფიციალური პირების განმარტებით, ვაშინგტონის თავდაპირველი ნებართვა საზღვრის გადაღმა ცეცხლის გახსნის შესახებ, ხარკოვის ოლქის წინააღმდეგ რუსეთის შეტევის კონტექსტში გაიცა, მაგრამ ასევე არ გამორიცხავდა რეაგირებას სხვა რეგიონებში, საზღვრისპირა თავდასხმებზე. ოფიციალურმა პირებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკა, რომელიც კრძალავს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას, „არ შეცვლილა."


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 17 ივნისს განუცხადა PBS News-ს, რომ თუ მოსკოვი დაიწყებდა შეტევას სუმის ოლქის წინააღმდეგ, კიევს ექნება ნებართვა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით, სუმის საზღვართან.

30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. უკრაინამ 31 მაისს დაადასტურა, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე. 


მანამდე „გარდიანთან“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში, ვიდრე ხარკოვის მეზობელი სასაზღვრო ტერიტორიებია.


31 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით. მაისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე.