ანკარა მიესალმა ერევნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ უწყების განცხადებაში ვკითხულობთ.


„მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს,“ – ნათქვამია განცხადებაში.


როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა.

სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ 21 ივნისს აღიარა.